თბილისის კლასიკური გიმნაზია, პროექტი "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"

ონკოლოგია

.ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვერიძე.

უკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში.
-
რა უწყობს ხელს ფილტვის კიბოს განვითარებას?
-
რისკის ფაქტორია თამბაქოს მოწევა, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი ისედაც გაჯერებულია გამონაბოლქვი და ნამწვი აირებით. ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებანი დროთა განმავლობაში ფილტვების ეპითელური ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციების რღვევას იწვევს და ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილის აღმოცენებას. ამასთანავე, თამბაქოს კვამლი ერთნაირად საშიშია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვისაც. მწეველთა არამწეველ ოჯახის წევრებს შორის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც თამბაქოს არ ეწევიან.
მეგაპოლისებში დაავადების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურება, უპირველეს ყოვლისა, ავტომანქანების გამონაბოლქვი მავნე აირებით.
დიდ როლს ასრულებს მავნე საწარმოო ფაქტორებიც: აზბესტისა და ნიკელის მტვერი, ქრომის ნაწილაკები. თუ ადამიანს ამ ნივთიერებებთან დიდხანს აქვს კონტაქტი, დიდია ალბათობა, ონკოლოგიური პათოლოგიით დაავადდეს. საწარმოო მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზებიც საკმაოდ ხშირად რთულდება ფილტვის კიბოთი. დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასუნთქი სისტემის მდგომარეობას - დაავადებისადმი განწყობა რამდენადმე იმატებს ქრონიკული ბრონქიტის, ქრონიკული პნევმონიის, ტუბერკულოზის ან პნევმოსკლეროზის შედეგად ფილტვის პარენქიმაში განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგად.

Комментариев нет:

Отправить комментарий